საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, რომ დაახლოებით, 2 ათეულ წელიწადში ევროპული საზოგადოება გავხდეთ.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვახტანგ ხმალაძის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, "დღეს ქვეყნის ამ საგარეო კურსს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იქნება თუ არა 10 წლის შემდეგ ეს ჩვენი ინტერესი".
"რამდენადაც ხმალაძე კარგად ვიცი, მგონია, რომ ჯობს, ეს ხუმრობაში გავატაროთ. მას ალბათ, მხედველობაში ის გარემოება ჰქონდა, თუ რა შეიძლება, 10 წლის შემდეგ ევროპაში მოხდეს. დღეს ამ საკითხს ძალიან ბევრი განიცდის. როცა დავოსში ვიყავი ბევრი ანალიტიკოსი და ექსპერტი პანიკაშია, რომ იქ შეიძლება, კრიზისი წარმოიშვას და რაღაც უბედურებები მოხდეს. ჩემი პასუხი მარტივია, სადაც არის უკეთესი ჩვენც იქ უნდა წავიდეთ. ჩემი გადმოსახედიდან, ბატონ ვახტანგს ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, რომ ევროპა სტაბილურია, მაგრამ თეორიულად ვახტანგს ალბათ, ჰქონდა მხედველობაში, რომ თუ ვინმე უკეთესი გამოჩნდება. მე მგონია, რომ ამის ალბათობა არ არსებობს, ეს არის ჩვენი კურსი და ამას ვერავინ შეცვლის. ეს არის ქართველი ხალხის ნება. ასევე ნატო-ს არ ჰყავს ალტერნატივა და თუ გამოჩნდება რაიმე უკეთესი, მაშინ ისევ საზოგადოებასთან ერთად უნდა გავაანალიზოთ და ამაზე ფიქრი დავიწყოთ. ჩემი ოცნებაა, რომ დაახლოებით, 2 ათეულ წელიწადში ჩვენ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. ამას დრო სჭირდება, საზოგადოების შეცვლა არ არის მარტივი, ეკონომიკური აღზევება უნდა მოხდეს. მეც ქართველი ვარ და სულსწრაფი ვარ, მაგრამ მგონია, რომ ამ ყველაფერს 2 ათეულ წელიწადში მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს დიდი, უწყვეტი კულტურა და ამან თავისი როლი უნდა შეასრულოს", - განაცხადა ივანიშვილმა.