პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვახტანგ ხმალაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება სიმბოლური იყო, რეალურზე კი კოალიცია იმსჯელებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"ძალიან ეფექტური მთავრობაა. პატარა ცდომილებები შეიძლება, იყო, თუმცა მუშაობის პროცესში ეს ნორმალურია. არანაირი გადაადგილება არ იგეგმება. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ძალიან ადრეა. მოვითმინოთ ცოტა. მოგვიანებით ჯერ შიგნით დავიწყებთ მსჯელობას კოალიციაში და შემდეგ თქვენც გამცნობთ. იმ პერიოდისთვის მე შეგნებულად დავასახელე ხმალაძე და სხვათა შორის, ეს იყო სიმბოლური იმისა, რომ საზოგადოებასაც და კოალიციასაც კარგად გაეგოთ ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მნიშვნელობა. ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტი არის განსხვავებული იმისგან, რომელიც საქართველოში იყო. საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო საქართველო, ახლა პარლამენტზე გადადის მეტი აქცენტი. ხმალაძეს ძალიან დიდი სურვილი და აღფრთოვანება მაშინ არ გამოუხატავს, სხვათა შორის. ამით მინდოდა მიმენიშნებინა, რომ ეტალონური იყო ხმალაძე. მე საპრეზიდენტო ინსტიტუტის ჩვენება მინდოდა ხალხისთვის და არა კანდიდატის დასახელება. რეალურ კანდიდატზე ვიმსჯელებთ და ცოტა მოგვიანებით საზოგადოებას გავაცნობთ", - განაცხადა ივანიშვილმა.