პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას მთავრობა არ დაესწრება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
"არ ვაპირებთ ქუთაისში წასვლას. რა უნდა თქვას ახალი, ალბათმ ახალ სიცრუებს შემოიტანს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ის სააკაშვილთან პოლემიკაში მხოლოდ მაშინ შევა, როცა პრეზიდენტი პოზიციას შეიცვლის და ნორმალურ ოპონირებას მოახერხებს.
ამასთან, ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, ხომ არ აპირებს უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დამატებით კიდევ რაიმე ტიპის ცვლილებების მომზადებას, მათ შორის პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით.
"ეს საკითხი გუნდში არ განგვიხილავს. ცალკეულმა დეპუტატმა გამოთქვა თავისი აზრი, მაგრამ უმრავლესობაში ამის განხილვა არ მომხდარა, შესაბამისად არ ვაპირებთ ამის ინიცირებას, თუმცა რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ბუნებრივია ის გაგრძელდება, რადგან კონსტიტუცია საშინელ დღეშია. ის უნდა მოვარგოთ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას", - აღნიშნა ივანიშვილმა.