ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტის შესახებ, კომისიის ვებგვერდზე ოფიციალური რელიზი გავრცელდა სახელწოდებით, "ვენეციის კომისია და საქართველო შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საკანონმდებლო რეფორმებზე".
როგორც რელიზშია აღნიშნული, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, პრესკონფერენციაზე საკუთარი შეხედულება გამოხატა ქვეყანაში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრის შემდეგ, ჯანი ბუკიკიომ კმაყოფილება გამოთქვა ყველა მათგანთან შეხვედრაზე, განსაკუთრებით პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლებიც მზად არიან ვენეციის კომისიასთან სათანამშრომლოდ და ახალი კონსტიტუციის მომზადების შესახებ კონსულტაციებისთვის. ჯანი ბუკიკიო მიესალმება, რომ პარლამენტი დანიშნავს მეკავშირე ოფიცერს, რათა შეიმუშაოს ცვლილებები ვენეციის კომისიასთან ერთად.
ამავე დროს, რელიზის თანახმად, მას ესმის, რომ ახალი უმრავლესობისთვის აუცილებელია დაპირებების შესრულება, ჯანი ბუკიკიო ნაჩქარევად გატარებული რეფორმების საშიშროებაზე აფრთხილებს მათ და კონსესუსის აუცილებლობაზე საუბრობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება.
"სიღრმისეული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება საჭირო გახდა პრეზიდენტის უფლებამოსილების დასაბალანსებლად, რომელიც 2004 წლის კონსტიტუციის თანახმად, არ სრულდებოდა და ამის გამო ვენეციის კომისიის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ასეთი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა გატარდეს სიღრმისეული ანალიზისა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი პროცესის საბოლოო მიზანთან მიღწევა, რომელიც გულისხმობს ისეთ კონსტიტუციასაც, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს და არა - ჰყოფს მათ", - განაცხადა ბუკიკიომ.
როგორც რელიზშია აღნიშნული, ჯანი ბუკიკიო ეთანხმება, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე, ხელისუფლებისა და პარლამენტის სტაბილურობის მიზნით, შესაძლოა არსებობდეს აუცილებელი საჭიროება საყოველთაოდ განხილული მოკლევადიანი საკონსტიტუციო ცვლილებებით მოქმედების. მან ასევე განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების - დანიშნოს ახალი მთავრობა პარლამენტთან შეუთანხმებლად, რამაც ცოტა ხნის წინ ვენეციის კომისიის კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან ერთად, მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ღირსეული და თავაზიანი კოჰაბიტაცია საქართველოს ინტერესებისთვის.
რაც შეეხება ცვლილებებს სასამართლოებისა და ამნისტიის შესახებ კანონში, ბუკიკიო არნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს 7-8 ნოემბერს ეწვევიან, კომპენეტურ ორგანოებთან ტექნიკური შეხვედრების ჩატარებისა და 2013 წლის მარტში კომისიის დასკვნის მომზადების მიზნით. მან ასევე განაცხადა, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული კანონის უზენაესობის დარღვევა, რაც იმას გულისხმობს, რომ საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მათი ვადა ბუნებრივად არ ამოიწურება, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ რელიზში.