საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "სუვერენული, ახალგაზრდული და საინვესტიციო ფონდები ფუძნდება, რომელთა ბიუჯეტი 2-2 მილიარდი ლარი იქნება".
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
"მე ადრე გითხარით სამი ფონდის შესახებ, რომელიც უნდა დაარსებულიყო. საქართველოს სუვერენული ფონდის დაფუძნება უკვე დაწყებულია. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორია გიპი მორგანი, მე მას დავოსში შევხვდი და პირობებზე მოვილაპარაკეთ. ეს ძალიან დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესმენებს და ეს საპარტნიორო ფონდის ბაზაზე გავაკეთეთ. მეორე პატარა ფონდი საქართველოს ახალგაზრდული ფონდი იქნება, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს და ბიზნესმენებს მიეცემათ საშუალება, რომ საკუთარი პროექტები დააფინანსონ. მესამე ფონდი არის კერძო საინვესტიციო ფონდი, ეს იყო ჩემი ძველი იდეა, ახლა აღვადგინეთ და ვაარსებთ მათ. ყველა უცხოელს და საქართველოს მოქალაქეს, ვისაც გამართული პროექტი ექნება, ეს ფონდი მათთვის გამზადებული პარტნიორი გახდება. საინტერესო პროექტის შემთხვევაში ეს ფონდი 25%-დან 75%-მდე თანადაფინანსებას გაუწევს. თითოეული ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი ლარი იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.