საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 100-დღიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
"რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, მინდა, გითხრათ, რომ ჩემი ყველა ვიზიტი საზღვარგარეთ ყველა წარმატებული იყო. გვქონდა საინტერესო შეხვედრები. ამაზე იმიტომ შევჩერდი, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებას ახალ-ახალი სიცრუეები დააჯერონ, რომ ჩვენ არასწორი საგარეო პოლიტიკა გვაქვს. წარმატებული ვიზიტები მქონდა, 14 თებერვალს კი ვიზიტი თურქეთში იგეგმება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, მან მინისტრების საზღვარგარეთ ვიზიტებიც წარმატებულად შეაფასა.
"ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ ვანელებთ და ძალიან სწორად და გამართულად მივდივართ. აქაც გაუგებარია ოპონენტების კრიტიკა", - განაცხადა ივანიშვილმა.