საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. "ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამდენად დასაშვებად მიიჩნევს სარჩელს, შემდეგ კი პრესკონფერენციას გავმართავთ. თუ ჩვენს სარჩელზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოცხადდება, ეს განპირობებული იქნება მოპასუხე მხარის არასწორი პოზიციით, რაც ამ შემთხვევაში პარლამენტი იყო. იმ ფონზე, როცა დეპუტატები მუდმივად აპელირებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა რეალურად უკვე ამოწურულია, პროცესზე მათ სხვა პოზიცია დაიკავეს და ჩვენი სარჩელის აღიარების ნაცვლად, თქვეს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა კანონიერია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ აირჩია", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ირმა ინაშვილმა, სოსო მანჯავიძემ და დავით თარხანმოურავმა 4 იანვარს მიმართეს. მასში სარჩელის ავტორები "ანტიკონსტიტუციური მუხლის" გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა.
უფრო კონკრეტულად, ინაშვილი-თარხანმოურავი და მანჯავიძე სარჩელით კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 ნაწილის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა მხოლოდ 5 წლის ვადით.