პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს საზოგადოებას გასული 100 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილი საინტერესო პრეზენტაციას გამართავს.
"პრემიერ-მინისტრი აპირებს ანგარიშით წარდგეს მთავრობის მიერ გასული 100 დღის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იქნება. ისაუბრებს ყველა იმ შედეგზე, რომელიც ამ დროის განმავლობაში იყო მიღწეული", - აღნიშნა ბესელიამ.
მისივე შეფასებით, ახალი მთავრობის სამთვიანი მუშაობის პერიოდი შედეგების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "მოსახლეობა კარგად დაინახავს, რომ ეს 100 დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო შედეგების თვალსაზრისით, თუმცა, ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ ძალიან მცირე დროში შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. პირველ რიგში, შევინარჩუნეთ ქვეყანაში ვითარება, რომლითაც შესაძლებელია ვილაპარაკოთ რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე, მთავარი ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზებაზე. ამასთან, ახალი მთავრობა ორიენტირებულია ახალი ბიუჯეტის შესრულებაზე და ჩვენი მოსახლეობა მცირე ხანში იგრძნობს, რას ნიშნავს სიკეთე, რომელიც მათ რეალობად ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ექცათ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ