მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და მისი მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის უძრავ და მოძრავ ქონებას ყადაღა აქვს დადებული, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა. თავად ჩოჩელმა და მისმა მეუღლემ კი საგამოძიებო სამსახური კომენტარის გარეშე დატოვეს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააცნეს საქალაქო სასამართლოს 31 იანვრისა და 1-ელი თებერვლის განჩინებები, რომელთა მიხედვითაც, ყადაღა აქვს დადებული როგორც ცეზარ ჩოჩელის, ასევე მისი მეუღლის უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე, ყველა საბანკო ანგარიშს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ჩოჩელს მინიმალური საარსებო საშუალებაც კი არ დაუტოვეს. მისივე თქმით, ოთხი დღის წინ გამოტანილი განჩინებები და ყადაღის ოქმები მათ შეხვედრაზე ახლა გააცნეს. ადვოკატი აღნიშნულს 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებს.
გოგიტა გაბაიძის განმარტებით, ცეზარ ჩოჩელის ქონებაზე ყადაღის დადება შეიძლებოდა, თუმცა, მეუღლის მიმართაც ანალოგიური ქმედება არ უნდა განხორციელებულიყო. მისივე თქმით, ეს ფაქტი საგამოძიებო სამსახურში ახსნეს იმით, რომ სვეტლანა ჩოჩელი ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული პირია.