საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლე დავით ჯუღელს გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მიმართა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა დანაშაული მართლაც ჩაიდინა.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ასევე მოითხოვა, სასამართლოს დაუშვებლად ეცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, გუნავას ჩხრეკის ოქმი და მისი დაკავებისას ამოღებული "ჰეროინი" და "მაკაროვის" სისტემის იარაღი; ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკის არსებობა დადასტურდა.
მალხაზ ველჯანაშვილის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერაა გაყალბებული, ვინაიდან ალტერნატიულმა ექსპერტიზამ გუნავას სხეულში ნარკოტიკის კვალი ვერ დაადგინა.
გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გუნავას დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ნარკოტიკი მას მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს, ხოლო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაკითხვისას აცხადებენ, რომ გუნავას ნარკოტიკი მარცხენა ჯიბეში აღმოუჩინეს.
თენგიზ გუნავას საქმის არსებითი განხილვა 18 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება. მას იარაღის უკანონო ტარება, ნარკოტიკის შენახვა-მოხმარება და სხვეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება ბრალად.