ქართული მხარე რუსეთის მთავარ სანიტართან, გენადი ონიშჩენკოსთან შეხვედრით კმაყოფილია.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მოსკოვში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო, რადგან ყველა განსახილველ საკითხზე პასუხი მიიღეს.
"დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯებიც და ეს არის ის, რომ ერთ კვირაში რუსი სპეციალისტები ეწვევიან საქართველოს და რაზეც ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა, რაც ჩვენ რუსულ მხარეს ავუხსენით, ისინი ამას თავისი თვალით ნახავენ. ამის პარალელურად, ჩვენგან მომზადდება ერთობლივი სია ყველა მსურველის, რომელიც რუსეთის ბაზარზე დააპირებს მუშაობას და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით და ორგანიზებით, რუსული მხარე დაიწყებს ამ საწარმოების რეგისტრაციას რუსეთში იმიტომ, რომ ეს არის აუცილებელი პროცედურა", - განმარტა დავითაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა ვადაში დაბრუნდება ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე, ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ ეს იქნება ერთ-ორ თვეში. მისივე თქმით, ერთი კვირის თავზე საქართველოში "როსპოტრებნადზორის" სპეციალისტების პირველი დელეგაცია ჩამოვა, შემდეგ ჩამოვლენ სამ ჯგუფად, ისინი ნახავენ კონკრეტულ საწარმოებს და გაეცნობიან ქართული ხარისხის კონტროლის სისტემას.