"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონული ორგანიზაცია ხმაურის მიუხედავად დაფუძნდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ახლად შექმნილი ორგანიზაციის წევრებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, ისინი დღევანდელ დამფუძნებელ კონფერენციაზე მიწვეულთა სიაში არ აღმოჩნდნენ, თუმცა რეალურად მათ დიდი წვლილი შეიტანეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ არსებულ საქმიანობაში.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხმათა უმრავლესობით მარინა მეტრეველი აირჩიეს. თუმცა, კოალიციის იმ წევრთა უმრავლესობა, რომლებიც დაუპირისპირდა ახლად შექმნილი პარტიის ხელმძღვანელობას, აცხადებს, რომ მარინა მეტრეველის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია და მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ, რომ პარტიის ხელმძღვანელად დანიშნულიყო ადვოკატი სოსო სოსიაშვილი. თავად სოსიაშვილმაც და მისმა მხარდამჭერებმაც გორის თეატრის მცირე დარბაზი, სადაც კონფერენცია მიმდინარეობდა, ხმაურიანი განცხადებების ფონზე დატოვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ახლად დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელმა მარინა მეტრეველმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და დღეს რეალურად იყო კონფერენციის ჩაშლის მცდელობა, თუმცა, ეს ვერ მოახერხეს.