რუსეთ-საქართველოს ურთოერთობების გარკვეულ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირის აღდგენა შესაძლებელია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარე ფიოდორ ლუკიანოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, რუსი ექსპერტების მიერ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე მომზადებულ დასკვნაში იმთავითვე აღნიშნულია, რომ არსებობს ერთი მთავარი საკითხი, რომელთან დაახლოებაც ამ ეტაპზე უაზრობაა, რადგან მხარეების პოზიციები დიამეტრულად განსხვავდება.
"ამ საკითხზე არც რუსეთში და არც საქართველოში მოქნილობის პოტენციალი არ არსებობს. ურთიერთობა იმდენად დეგრადირებული იყო წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ეკონომიკური ნაბიჯები, ადამიანთა გაცვლა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება სრულად მიღწევადია, თანაც ძალიან მალე. მომდევნო ეტაპი გაცილებით რთულია და ის ეხება სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ საკითხებს. ჰიპოტეთური განხილვა იმისა, რომ სუვერენიტეტის შეხების გარეშე შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ვფიქრობ ესეც გადაწყვეტადი საკითხია. სხვა ყველაფერი, რაც ძირითად პრობლემას შეეხება, შეიძლება იყოს მომდევნო, საკმაოდ შორი ეტაპი. დასაწყისი ჰუმანიტარული და ეკონომიკური სფეროა", - აღნიშნა ლუკიანოვმა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით რუსი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განიხილება. კონფერენციას ქართველ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძეც ესწრება.