რუსი ექსპერტების დასკვნაში მოცემულია რუსული ხედვა, როგორ შეიძლება გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა, ანდრეი სუშენცოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, ავტორებს უკვე გაცნობიერებული აქვთ, რომ დასკვნას საქართველოში კრიტიკა მოჰყვება.
"ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ თუ განხილვები და კავშირები არ გვექნება, უწინდებურად ჩიხში დავრჩებით. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ურთიერთობების ნორმალიზაცია უკვე დაიწყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოხდეს. დასკვნაში ხუთ ძირითად საკითხს ვეხებით. პრიორიტეტულად თუ დავყოფთ, ესენია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა, ნატო და რეგიონული უსაფრთხოება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ჰუმანიტარული კონტაქტები. ყველა მიმართულებით, თუ პირადი ცხოვრებისეული პრინციპული პოზიციებით არ იმოქმედებენ, მხარეებს შეუძლიათ კომპრომისების მიღწევა. ჩვენ ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც ურთიერთგაგება არ არსებობს. ეს ორ ქვეყანას შორის არაჯანსაღი ურთიერთობაა", - განაცხადა სუშენცოვმა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით რუსი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განიხილება. კონფერენციას ქართველ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძეც ესწრება.