სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო თბილისის #1 საპატიმრო დაწესებულებაში 31 იანვარს მომხდარ ინციდენტს ადასტურებს. ინციდენტის დროს სამინისტროს თანამშრომელი ლალი მოროშკინა და ციხის დირექტორის მოადგილე ივანე ლეჟავა პატიმრის დანით დაჭრას გადაურჩნენ.
ამასთან, მომხადრთან დაკავშირებით უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს. კორძაია დეტალების დაკონკრეტება-დაზუსტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დანარჩენზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი.
ინფორმირებული წყაროს ცნობით კი, სამუდამო პატიმრობამისჯილი გოდერძი კიკნაძე დედასთან პაემანზე იმყოფებოდა, სადაც ასევე იყვნენ ლალი მოროშკინა და ივანე ლეჟავა. მოულოდნელად პატიმარი დედის საცემად გაიწია და ჯიბიდან დანა ამოიღო. სიტუაციის განმუხტვა მოროშკინამ და დირექტორის მოადგილემ სცადეს. ინფორმაციის თანახმად, დედისკენ მოქნეული დანა საპყრობილის დირექტორის მოადგილეს ორჯერ მოხვდა, თუმცა სქელი ქურთუკის წყალობით, სხეულის დაზიანება არ მიუღია.
ამასთან, პატიმარ გოდერძი კიკნაძის სახელს უკავშირდება რუსთავის #6 საპყრობილეში მომხდარი ინციდენტები, პატიმარი მის ცემაზე საუბრობდა და ციხის დირექტორს გოჩა გიგანს ყურის მოჭმით ემუქრებოდა.