"მთავრობა ცდილობს მოსახლეობას ისეთი სურათი დაუხატოს, თითქოს მთავრობას მუშაობაში ხელი ეშლება", -განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების განცხადების კომენტირებისას.
"პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მიუხედავად პირდაპირი შანტაჟისა პარლამენტის წევრებზე, მიუხედავად ყველა იმ ბერკეტისა, რომელზეც გულწრფელად საუბრობდა უმრავლესობის ლიდერი და რომელიც წინა კვირეების განმავლობაში გამოიყენეს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო კონსტიტუციური ფორუმის შეგროვება, ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერით საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ მოაგროვებს და ვერ გავა", -განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს მოსახლეობას ისეთი სურათი დაუხატოს, თითქოს მთავრობას მუშაობაში ხელი ეშლება.
,,გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მთავრობა ცდილობს მოსახლეობას ისეთი სურათი დაუხატოს, თითქოს მთავრობას ხელი ეშლება მუშაობაში და საკუთარ დანაპირებს ვერ ასრულებს იმის გამო, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე, გარკვეული მზაკვრული მსოფლიო გეგმა, როგორც დრეს გაგვაცნეს და თურმე ამის გამო შეშფოთებული მთავრობა საკუთარი დაპირებების შესრულებას ვეღარ ახერხებს", _განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ არავინ გეგმავს მთავრობას მუშაობაში ხელი შეუშალოს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ,,ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამასთან კოალიცია საპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვას სთავაზობს.