უმრავლესობამ გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვერცხების სროლის, აქტივისტების მობილიზების, დაპირისპირების და არა ნორმალური დიალოგის ფონზე. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, როდესაც უმრავლესობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
"მე მინდა ბატონი ივანიშვილის იმ საპარლამენტო რაზმს, რომელიც დღეს გამოენთო ეთერში და მუქარისა და შანტაჟის ენაზე მოგვიწოდებდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ, ვუთხრა და ავუხსნა, რატომ არ იქნება მათი ცვლილებები მხარდაჭერილი. არ იქნება იმიტომ, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვერცხების სროლის, აქტივისტების მობილიზების და დაპირისპირების ფონზე",-განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე დღეს პანიკაშია, რადგან ვერ შეასრულა დავალება.
"მან, პროკურატურასთან, ფინანსურ პოლიციასთან და სხვა მექანიზმებთან ერთად, ვერ შეუგროვა ივანიშვილს ის უმრავლესობა, რომელზედაც ივანიშვილი ასე თამამად საუბრობდა და ამბობდა, რომ 120 დეპუტატი უკვე ჯიბეში ჰყავს და დაახლოებით 3-4 კაცი იქნება, ვინც წინააღმდეგი იქნება ამ ცვლიელების. მინდა ვუთხრა, რომ კენჭისყრები არის ზეგ და ისინი ნახავენ, რომ მათ თავის მიზნებს ვერ მიაღწიეს",-განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა მზად არის უმრავლესობასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებები გამართოს, რომელსაც 150-ვე დეპუტატის მხარდაჭერა ექნება და არა ისე, "როგორც ბატონ საგანელიძეს წარმოუდგენია, როდესაც აპოკალიპტური სურათი დახატა შეთქმულების".
"მზად ვართ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ ისეთ ცვლიელებებზე, რომელიც დააზღვევს ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსს, დააზღვევს დემოკრატიულ სისტემას და შექმნის უფრო დაბალანსებულ სისტემას",-დასძინა გაბაშვილმა.