საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჟვანია პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბ ჟვანიას საქმეზე კითხვას არ დაუსვამს.
როგორც გიორგი ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მიხეილ სააკაშვილთან დიდი ხანია კითხვები აღარ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.
"მე კითხვები მასთან მას შემდეგ არ მაქვს, რაც დავინახე, რომ ეს ადამიანი არის დაინტერესებული იმით, რომ საქმის მასალები გაყალბდეს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მე მასთან შეკითხვები აღარ მაქვს, შეკითხვები მასთან შეიძლება ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს", - განაცხადა ჟვანიამ.
მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაიკითხონ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.
"საითკენ მიდის ეს ყველაფერი, ამაზე გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ", - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.
რაც შეეხება უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობას, მისი თქმით, 8 წლის განმავლობაში საქმე იყო გაყინული "გასაგები მიზეზების გამო".
"ახლა ვითარება შეიცვალა, პროკურატურა ძალიან აქტიურად მუშაობს, მიდის პროცესი, არის ახალი დეტალები და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს თვეებში ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. ჩვენს ოჯახს არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი პოზიცია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა. ვის მიერ არის ჩადენილი, ვინ დაგეგმა, ამის გასაგებად საჭიროა მყარი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოძიებაზე მუშაობს პროკურატურა. ბევრი რამ ჯერაც ხელმიუწვდომელია ჩვენი საგამოძიებო ორგანოებისთვის. სასამართლოში არსებული ვითარება ართულებს საგამოძიებო მოქმედებებს და ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ამ საქმის მიჩქმალვას და კონკრეტული ფაქტების გაყალბებას", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.
ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაზე, რადგან მისი ახლანდელი განცხადებები 2007 წლის განცხადებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
გიორგი ჟვანიამ ხათუნა ხოფერიას განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის მიერ გადამოწმებულია ეს განცხადება და საკმაოდ ყურადსაღებია.
"კონკრეტულ ადამიანზეა საუბარი, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს არის საგამოძიებო სტრუქტურის პრეროგატივა", - განაცხადა ჟვანიამ.