"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აბაშის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციაში მონაწილეობა პარტიის დისციპლინის წესების დარღვევით მიიღეს. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობა აქციაში პარტიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ იყო.
აბაშიძე აცხადებს, რომ მათი პარტიის წევრები გულწრფელად მოქმედებდნენ და სურდათ, ბიძინა ივანიშვილის წინაშე აბაშაში არსებული პრობლემები დაეყენებინათ.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ მომხდარი პარტიის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო.
"უმჯობესი იქნებოდა აქციის გამართვამდე პარტიის ხელმძღვანელობას დაკავშირებოდნენ და ეს ფაქტი საჯარო განხილვის საგანი აღარ გახდებოდა. პარტიის წევრი, რომელიც არ დაემორჩილება პარტიულ დისციპლინას, მისი ადგილი პარტიაში არ არის", - დასძინა აბაშიძემ.
მისივე თქმით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რაიონული სტრუქტურების ჩამოყალიბება ახლა მიმდინარეობს და კოალიციაში შემავალ არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება ახალი პარტიის ჩამოყალიბების პროცესში ჩაერიოს და ამაზე "თავისუფალ დემოკრატებს" მკაცრი მითითება აქვთ მიცემული.
აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს თემა კოალიციის შიგნით ლიდერების დონეზე ამოწურულია. აბაშიძეს არ გააჩნია ინფორმაცია, მის პარტიაში ვინმე "ნაციონალური მოძრაობიდან" არის თუ არა ჩანერგილი. "თუ კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ რაიმე ფორმით დაკავშირებული იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან", მზად ვართ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ", - დასძინა აბაშიძემ.