პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს 6 თებერვალს უყრის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობისგან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის იმედი აქვს მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მიხეილ სააკაშვილს არ უნდა.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, 5 თებერვლიდან იწყება პარლამენტის საგაზაფხულო სესიები. სხდომის გამართვამდე გაიმართება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც ცვლილებების პროექტს განიხილავენ. შემდეგ კი, კომიტეტი მიმართავს ბიუროს, რომ საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში შეიტანოს.
ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ 6 თებერვალს, პირველ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს.
მისი თქმით, კონსულტაციები ჰქონდათ უმცირესობასთან და იმედი აქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ცვლილებებს.