საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისთვის უსიამოვნო იქნება.
კერძოდ, უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ პარლამენტში, სადაც მიხეილ სააკაშვილს უმრავლესობა არ ჰყავს, ის კომფორტულად ვერ იგრძნობს..
დეპუტატ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, სააკაშვილს პარლამენტში კომფორტული გარემო არ დახვდება, რადგან მან უნდა თქვას ის, რასაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ნეგატიური განწყობით პასუხობს. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ათვითცნობიერებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, ხოლო მისგან გათავისუფლების შემთხვევაში, "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება შანსი იმისა, რომ დარჩეს პოლიტიკურ ოპოზიციაში და გახდეს ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პოლიტიკური გაერთიანებების კონკურენტი.
ანალოგიურად ფიქრობს ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები ათვითცნობიერებენ, რომ სააკაშვილი უკვე წარსულია, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობს, რომ საკუთარი პროაქტიური მოქმედებებით განახორციელოს დესტრუქცია.
"შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი პარლამენტში იმისთვის მოდის, რომ საკუთარი გუნდის ნარჩენები წაახალისოს და უბიძგოს აბსოლუტურად უაზრო წინააღმდეგობის გაწევისკენ, თუმცა არიან ამ გუნდშიც ადამიანები, რომლებიც ათვითცნობიერებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე წარსულია", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 8 თებერვალს წარდგება.