პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი ხვალ გაირკვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ხვალ გაიმართება ბიუროს სხდომა, რომელზეც აღნიშნული საკითხი დაზუსტდება. რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა მას ქვეყნის პირველ პირთან კონკრეტული კითხვები, ბესელიას განმარტებით, კითხვები არა, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან ბევრი ბრალდება ექნება.
"კითხვები არ მაქვს, მაქვს ბევრი ბრალდება, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება", - აღნიშნა ბესელიამ.
რაც შეეხება ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული იმ პირების მოთხოვნას, რომელიც თავიანთი საქმეების გასაჯაროებას მოითხოვენ, ბესელიას განმარტებით ყველა საქმის გასაჯაროებას მხარს დაუჭერს, რომელზეც გრიფის "საიდუმლო" მოხსნა შესაძლებელია.
"პოლიტპატიმრებთან შესახვედრად მე დღეს მივდივარ, მიმაჩნია, რომ მათი მოთხოვნა სამართლიანია, გარდა იმ დოკუმენტებისა, რომლის გასაჯაროებაც კანონით არ შეიძლება. თუკი არსებობს ისეთი დოკუმენტები, რომელსაც შესაძლოა გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, რათა მოქალაქეებმა დაინახონ, თუ როგორ თხზავდნენ ყალბი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით სისხლის სამართლის ბრალდებას ამა თუ იმ პირის მიმართ. ყველა იმ საქმის გასაჯაროებას რომელიც კანონით შესაძლებელია, მე მხარს დავუჭერ", - აღნიშნა ბესელიამ.