საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის , ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც საგანელიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, როგორც ჩანს "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე დაწყებული აქვს ქუჩაში გამოსვლა და მანიფესტაციები და ამას პარტიებში ჩანერგილი ხალხით ახორციელებს.
"ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი 4 წელი არ დაუცდიან ხელისუფლების ცვლილებას, დაიწყებენ ქუჩაში გამოსვლას და მანიფესტაციებს. უკვე დაიწყეს, როგორც ჩანს. მეტი მაგ საცოდავებს არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ასეთი ჩანერგილი ადამიანები გაააქტიურონ. მოვუწოდებ როგორც რუსთაველებს, ასევე ხონელებსაც და აბაშელებსაც, ნუ აჰყვებიან ამ 2-3 კაცს. მათ გვარებს გადავცემთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა შეისწავლოს ეს ხალხი. ბრძოლა გამოუცხადეს იმ პარტიას, რომელიც ძალიან ძლიერად მოდის ხელისუფლებაში", - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტია "ქართული ოცნების" წევრები და ამ დროს ისინი ითხოვენ, რომ პარტიაში ესა თუ ის წევრი იყოს არჩეული ან აპროტესტებენ რომელიმე ადამიანის არჩევას.
"რამდენიმე რაიონში, მათ შორის ხონში, აბაშაში, ასპინძაში იყო ასეთი არეულობა და მე პირდაპირ ვთქვი, რომ ამ არეულობის უკან დგას ის ერთი ხელი და ის სისტემა, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ დაანახოს საზოგადოებას, თითქოს პარტია "ქართულ ოცნებაში" და, ზოგადად, კოალიციაში არის რაიმე დაპირისპირება. ძალიან დიდია ინტერესი იმის, რომ მმართველი კოალიციის ერთ-ერთი დომინანტი პარტია "ქართული ოცნება" დღეს ქმნის რაიონულ ორგანიზაციებს, აძლიერებს თავის სტრუქტურას და ყველას უნდა, რომ ამ რაიონულ ორგანიზაციებში იყოს თავმჯდომარე ან ბიუროს წევრი. დაპირისპირება ბუნებრივია შიგნით არსებობს და ეს ნორმალური მოვლენაა. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც პარტიასთან არანაირ შეხებაში არ არიან და ისინი ითხოვენ, რომ პარტიაში ესა თუ ის წევრი იყოს არჩეული ან აპროტესტებენ რომელიმე ადამიანის არჩევას. გუშინწინ პრემიერის სახლთან იყო 28 ადამიანი შეკრებილი, რომლებიც აბაშაში გვილავას არჩევას აპროტესტებდნენ. ამ ადამიანებში არც ერთი არ იყო პარტიის წევრი და მათ შორის იყვნენ "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" იურისტი დავით შონია, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის ოფისის წარმომადგენელი ინგა შანავა და სხვები. "ნაციონალური მოძრაობის" და იგივე "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს რა ესაქმებათ ან რა საქმე აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აირჩევს პარტია "ქართული ოცნება", - აღნიშნა საგანელიძემ და დასძინა, რომ გვილავას კონფერენციაზე 100-ზე მეტმა პარტიის წევრმა დაუჭირა მხარი.
მისივე თქმით, მან მიმართა კოალიციაში შემავალ პარტიებს, რომ ეს ადამიანები საკუთარი პარტიიდან გარიცხონ, რომლებიც "როგორც ჩანს ჩანერგილები არიან მათ პარტიებში". "მათ აიყოლიეს თავდადებული ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც წრფელი გულით იბრძოდნენ", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.