გოგლა ჟვანია დარწმუნებულია, რომ მისი ძმის საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების 8 წლისთავის აღსანიშნავად დღეს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დიდუბის პანთეონში მის საფლავზე შეიკრიბნენ.
როგორც გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ პროკურატურასთან, თუმცა, რა ეტაპზეა საქმე, ამ დროისთვის დეტალებზე არ საუბრობს.
"ძალიან დიდი ინტერესია ზურას საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უკანასკნელი წლისთავი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლისთავზე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება და საზოგადოება ამ საქმის შესახებ სიმართლეს გაიგებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. დეტალებზე ძნელია საუბარი, რადგან შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს იყო მკვლელობა და ამას მოწმობს ის ახალი დეტალები, რომელიც არის საქმეში. უფრო კონკრეტულად კი ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია კი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, საქმე ძალიან მალე გაიხსნება. "არც ფორსირება არის საჭირო. დღევანდელ პროკურატურას აქვს სრული ნდობა როგორც ოჯახის, ასევე მეგობრების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება", - აღნიშნა ხოფერიამ.
დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ოჯახის წევრებთან ერთად მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. გარდა ამისა, მამა იოსებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვილი გადაიხადა.