პოლიტპატიმრები ხვალ საქართველოს პარლამენტს მათ საქმეებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ .
როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ განუცხადა, საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტპატიმრები ხვალ "კინოს სახლიდან" მიმართავენ, სადაც მათი პირველი შეხვედრა გაიმართება.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების უპირველესი მოთხოვნაა, გრიფი "საიდუმლო" მოეხსნათ მათ საქმეებს და ყველა ეს საქმე გახდეს საჯარო, რადგან ამ ადამიანების მიმართ ქვეყნის პირველი პირისა და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს დისკრედიტაციის მცდელობას ისევ აქვს ადგილი.
"მათი უმთავრესი მოთხოვნაა, პარლამენტრის მხრიდან მათი საქმეების გადახედვა სასწრაფოდ მოხდეს და ისინი ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს", - აღნიშნა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ხვალინდელ ღონისძიებაზე, პოლიტპატიმრები ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ ციხეში და რომ მათ მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა ხორციელდება.
ამასთან, ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება ციხის კადრებიც, თუ სად და როგორ ცხოვრობდნენ ისინი.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, პოლიტპატიმრები აპირებენ ერთიან ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ამასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ. კაკაბაძემ არ გამორიცხა, რომ ისინი მის ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ.