ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის არის დაგეგმილი, - ამის შესახებ "кавказский узел"-ი " აზერბაიჯანის რკინიგზის" პრესსამსახურის უფროსის, ნადირ აზმამედოვზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა საქართველოს მიმართულებით შეჩერებულია, რისი მიზეზიც საქართველოში არსებული უამინდობაა. აქედან გამომდინარე, ძირითადი სამუშაოები გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მარტ-აპრილის თვეებში გაგრძელდება.
აზმამედოვმა განმარტა, რომ აღნიშნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობით "აზერბაიჯანის რკინიგზაა" დაკავებული, ხოლო სამუშაოების დიდი ნაწილი აზერბაიჯანის მთავრობის ხარჯებით ხორციელდება.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები მიდის ორ პუნქტზე: პირველ პუნქტზე ხდება 159 კილომეტრი გზის განახლება, მეორეზე - 29 კილომეტრი გზის და 4,2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.
როგორც აზმამედოვი აცხადებს, პროექტის რეალიზაცია თანდათან დასასრულს უახლოვდება და მის განსახორციელებლად უკვე გამოყოფილია 430 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მარაბდა-კარწახის რკინიგზის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს სააქციო საზოგადოება "აზერ როუდ სერვის"-ის ხელმძღვანელს ჯავიდ გურბანოვს 29 იანვარს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი წარიმართა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის "მარაბდა-კარწახის" გადასასვლელის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაზე შეთანხმდა სამოქმედო გეგმა და აღნიშნული სარკინიგზო გადასასვლელის მშენებლობის დაჩქარების საკითხი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წლის ნოემბერში დაიწყო.