რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი იგორ ივანოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს შეხვდა .
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, მიუნხენში გაიმართა, სადაც რიგით 49-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც ივანოვმა განაცხადა, ჯაფარიძესთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. მხარეებმა საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
"თუ სურვილი არსებობს, ყველაზე მწვავე პრობლემაც მოგვარებადია. მნიშვნელოვანია, რომ არ ვიყოთ ამ სირთულის მძევლები, მაშინაც კი, როდესაც ეს პრობლემები სერიოზულია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტორები არ უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისინი არ უნდა აფერხებდეს მომავალ თანამშრომლობას", - განაცხადა ივანოვმა.
თედო ჯაფარიძის განცხადებით, მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრეს.
"მან დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც დღეისათვის გამოიკვეთა ჩვენს ურთიერთობებში, მან აღნიშნა, რომ ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა კარგი იქნება, თუ გადაიდგმება ადეკვატური ნაბიჯები", - განაცხადა ივანოვთან შეხვედრის შემდეგ თედო ჯაფარიძემ.
მასალა ჯაფარიძისა და ივანოვის შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.