შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პროკურატურა ჩიხშია შესული და პროცესების დაჩქარებას ცდილობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, მას გამოძიებასთან პრეტენზია არა აქვს. მისი თქმით, დაკითხვის დროს ლირიული გადახვევებიც ჰქონდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, იმ საკითხებზე, რაზეც მისი დაკითხვა მოხდა, მის გარდა, გამოძიებას ათასამდე მოქალაქის დაკითხვა მოუწევს.
"ბუნებრივია, არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი მომხრე არ არის, ჩახუთულ ოთახებში მოხდეს დაკითხვა. ასეთ დაკითხვებს საზოგადოება არ ენდობა და ჩვენც შეგვიძლია ღიად და საჯაროდ ვისაუბროთ. რაც შეეხება ბრალდებებს, ჩვენ ხალხი გვყავდა დასაქმებული, ხელფასებს ვუხდიდით და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ასევე აბსურდულია გამოძიება სოციალურ აგენტებთან დაკავშირებით.
"აქ უფრო დიდ ჩიხში შევა გამოძიება, რადგან 22 ათასზე მეტი ადამიანის დაკითხვა მოუწევს. ამას კი წლები დასჭირდება, იმაზე მეტი, ვიდრე ეს ხელისუფლება ლეგიტიმური იქნება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე ინფორმაციით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და პრემიერ-მინისტრს არ ეუბნებიან, თუ რითი არიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დაკავებულები.
უგულავას განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ის კვლავ მისცემს ჩვენებას, ოღონდ იმ რეჟიმში, როგორც დღეს იყო.
დღეს მერიაში პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა მივიდნენ და "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით თბილისის მერი დაკითხეს. გიგი უგულავას დაკითხვა მისსავე კაბინეტში, ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა.
გიგი უგულავას დაკითხვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" – ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.
"გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.
გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.