საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, ჯინჭარაძეების ოჯახში სტუმრობისას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე გააკრიტიკა.
მას შემდეგ, რაც გურამ ჯინჭარაძემ პრეზიდენტს უთხრა, რომ ოთხი ტონა მანდარინიდან ნახევარი მაინც გადაყარა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა - ოქტომბერში დანიშნული სოფლის მეურნეობის მინისტრი სამი თვის დაგვიანებით, იანვარში გაეცნო მეციტრუსეების პრობლემებს.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის გამოწვევის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას მაინც კითხონ, როგორ მოგვარდა მანდარინის გასაღების საკითხი წინა წლებში. პრეზიდენტმა რუსეთის ბაზარზე ქართული მანდარინის გატანის საკითხზეც ისაუბრა.
"ნებისმიერი მთავრობისთვის გამოწვევაა ციტრუსების ჩაბარება. პირველივე დღეს, შენი სოფლის მეურნეობის მინისტრი არ უნდა წავიდეს იქ, სადაც მანდარინია? ჩამოვიდა სამი თვის დაგვიანებით. მე შენ გეტყვი, რომელი უზარმაზარი ქვეყანა ჩვენ ვართ. მანქანაზე დამჯდარიყო, ჩამოსულიყო და დაინტერესებულიყო. ოქტომბრის მეორე ნახევარში დანიშნული, აქ იანვრის მეორე ნახევარში, სამი თვის დაგვიანებით ჩამოვიდა და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის ეთქვა, რა გავაკეთოთ, თქვა, რომ ყველაფერი წინა მთავრობის ბრალიაო. წინა მთავრობისთვის ეკითხათ მაინც , როგორ კეთდება ჩაბარება.
ჩვენი ელჩი უკრაინაში, რომელიც არ ვიცი, ათას იმაში გაძვრა ჩვენი დავალებით შარშან და შარშანწინ, რომ უკრაინაში ჩაგვეტანა სხვადასხვანაირი მეთოდებით და გაგვესაღებინა, უკან გამოიწვიეს ჩხუბით და ზარზეიმით, რომ არ გვინდა ასეთი ელჩი. ჰკითხეთ მაინც იმ ელჩს, როგორ კეთდება ასეთი რაღაცეები. კარგი, არ გინდათ ვარშალომიძე გავიგე, ჰკითხეთ მას, როგორ კეთდება. დაკითხვაზე რომ ჰყავდათ და ათასგვარი სისულელე ჰკითხეს, დაკითხვაზე მაინც ეკითხათ, თუ სხვანაირად ერიდებათ კითხვა - როგორ ხდება მანდარინის და ციტრუსის გაყიდვა საქართველოში. ეს ხომ არ არის მთავრობის საკითხი, ეს არის ადვილი გასაკეთებელი. თქვეს, ორი კონტეინერი შევიდა ჩვენი მანდარინის რუსეთშიო.
სად არის ის ორი კონტეინერი, ასავალ-დასავალი იცის ვინმემ? დაბრუნდა უკან მანქანა? ფული ჩამოიტანეს? დიდ სახელოვან რუსულ ბაზარზე შესვლის შედეგი ნახა ხალხმა? ნეტავი ნახოს. მე მართლა, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არ მიხარია ნამდვილად. რა უნდა მიხაროდეს, გზები არის სავსე გადაყრილი მანდარინით. მაგრამ მომავალ წელს მაინც არ უნდა მოხდეს ასეთი რაღაც. ყველას, რა ცოდნაც აქვს, ამ ხალხს უნდა გავუმართოთ ხელი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.