საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადების იდეის გაჟღერება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გეგმის ნაწილია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსეთში ჯავახეთის დიასპორის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლითაც ისინი სამცხე-ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას ითხოვენ.
"აჭარაში ასლან აბაშიძე დიდი ხანია, ამ თემით სპეკულირებდა. ახალი სეპარატიზმის იდეას თვალსა და ხელშუა გვაპარებენ და გვინერგავენ. ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. აფხაზეთიდან რკინიგზის გახსნა, საქართგველოს გავლით სომხეთზე, რაც დღევანდელ ეტაპზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. მეორე ეს არის ის, როდესაც ჩახალიანი გამოუშვეს ციხიდან და ახლა ისე გათავხედდა, რომ ყოველდღე აკეთებს განცხადებებს. დაიწყო ორგანიზება და შემოტევა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე და ახლა ეს თემა ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის.
უნდათ ნებისმიერ ფასად შექმნან რაღაც სახის ადმინისტრაციული ერთეული ჯავახეთში და ამ თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა ის არის, რომ შეიქმნას ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული და როცა ის შეიქმნება, მერე მოითხოვონ მისთვის ალბათ, ავტონომია და მისი დამოუკიდებლობა საქართველოსგან. სხვა ამას არაფერი არ ჰქვია. ჩვენ გვინდა, რომ მთელი საქართველო განვითარდეს და ის კი არ ვიძახოთ, რომ ახლა მეცხრე ადგილზე ვართ და ამასაც დავკარგავთ, პირიქით, ამ რეიტინგებში საქართველო წინ უნდა წავიდეს და ყველაგან იყოს სათანადო ეკონომიკური პირობები, მაგრამ როგორც კი ჩვენ შევდივართ ამ დისკუსიაში, რომ შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთული თავისუფალი ზონის სახით და თან დააკვირდით ვინ ამბობს, ამას არა ამბობს, სომხეთის მთავრობა და იქაური სომხები, ამას ამბობს არა თუნდაც მასობრივად ადგილობრივი საზოგადოება, რომელთაც ჩვენ გავუკეთეთ ჰესები, ახალციხეში ავაშენეთ დიდი ტურისტული ცენტრი, უზარმაზარ რკინიგზას ვაშენებთ, გზები ავაშენეთ და მათ ნახეს განვითარების სარგებელი, ამას ამბობს რუსეთის ე.წ. სომხური დიასპორა.
ე.ი. ეს რას ნიშნავს, რომ ინიციატივა ისევ რუსეთიდან მოდის. ეს არის ზუსტად ის, რასაც ვამბობდით, რომ ეს არის ერთი გეგმის ნაწილი. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ დაუშვას. ამაზე დღეს სხვათაშორის ლაპარაკი და წაყრუება არ გამოვა. ეს არ არის ჩვეულებრივი საკითხი. ჩვენ ეს უკვე გავლილი გვაქვს წინა წლებში", - განაცხადა სააკაშვილმა.