ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, ქუთაისის მერის მოადგილე ამირან ძოწენიძის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც for.ge-ს კორესპონდენტი იტყობინება, ძოწენიძის პოლიციაში დაბარება სავარაუდოდ, გუშინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც, მასაა და ადმინისტრაციის უფროსს თენგიზ თოფაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
როგორც for.ge-ს თენგიზ თოფურიძემ განუცხადა, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, განყოფილებების ხელმძღვანელთა თათბირი იყო, რომელსაც ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე ესწრებოდა, რომელმაც კადრების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა.
„ამის შემდეგ, ძოწენიძემ ჩემი გათავისუფლების საკითხი დასვა, რადგან მას არ ვემორჩილები. ის აცხადებს, რომ 2011 წლიდან დღემდე, საშტატო რაოდენობა მხოლოდ 11 პირით არის მომატებული, რაც ტყუილია, რადგან მერიის საშტატო რიცხოვნობა 815 პირს აჭარბებდა, პროგრამები შემცირდა, მაგრამ 740 თანამშრომელი სამსახურში მაინც რჩება. მერიის ადმინისტრაციული ხარჯი ადგილობრივი შემოსავლების 85 პროცენტს შეადგენს, საერთო ბიუჯეტის კი, 25 პროცენტს. ასეთი მაჩვენებელი კი, ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა. უპრეცედენტოდ დიდი თანხები იხარჯება. რაც შეეხება დღეს მომხდარ ინციდენტს, შეპასუხების შემდეგ, ძოწენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ დამსწრე პირებმა ის ჩემამდე არ მოუშვეს“, - აცხადებს თოფურიძე.
For.ge-თან საუბარში ამირან ძოწენიძე თოფურიძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მათ შორის მომხდარ სიტყვიერ შეკამათებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მერიაში განყოფილებების ხელმძღვანელთა შორის ყველაზე პრივილიგირებული პირი იყო, თუმცა, მას ეს პრივილეგიები ჩამოერთმევა.