თბილისი მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ის მზად არის გამომძიებლის შეკითხვებს მერიაში ხვალ, 16:00 საათზე უპასუხოს .
"ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, ასე გვიან რატომ მოვიდა უწყება. ჯერ სამსახურში მოუტანიათ უწყება, დამირეკა დედაჩემმაც, სახლშიც მისულან. მინდა ვუთხრა მათ, რომ ხვალინდელი დღე მე მაქვს გაწერილი, ამიტომ ხვალ, 16:00 საათზე ველოდები გამომძიებელს, პაატა მამულაშვილს. მერიის მისაღებში მას ჩემი თანამშრომლები დახვდებიან, მივიღებ და გავცემ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს. თუ გამოძიებას ეს დრო არ აწყობს, მე ზეგ მივემგზავრები პრეზიდენტთან ერთად კონფერენციაზე და დაბრუნებისთანავე შევჯერდებით მომდევნო ურთიერთობის ფორმაზე. თუ ვინმეს ილუზია შეექმნა, რომ მე მივდივარ და აღარ დავბრუნდები, მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ სიამოვნებას მე ივანიშვილს, კბილაშვილს, წულუკიანს და ა.შ არ მივანიჭებ", - აღნიშნა თბილისის მერმა.
გიგი უგულავამ კომენტარი თეატრალური კვარტეტის წევრების საკითხზეც გააკეთა. "ბრალდება რა თქმა უნდა პოლიტიკური ტაკიმასხარაობაა. თეატრალური კვარტეტის წევრების დასაქმების შესახებ ინფორმაცია არ მქონდა, აქაც დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც პოლიციის აკადემიის პრორექტორი არის ელდარ ლუკა კურტანიძე", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
თბილისის მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე ხვალ, 13.00 საათზეა დაბარებული. შესაბამისი უწყება საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მერიაში დღეს საღამოს მიიტანეს, თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაო საათები უკვე დამთავრებული იყო, დაცვის სამსახურმა უწყება არ ჩაიბარა. მოგვიანებით, უგულავას უწყება უკვე სახლში მიუტანეს.
როგორც თბილისის მერიასთან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიგი უგულავა დაკითხვაზე დაბარებულია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" – ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.
"გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.
გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.