ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას განაცხადა .
"როგორც კი დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ დაახლოებით 6 თვეში. ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია, იცის, რომ პირველად არის თამაში ძნელი, თორემ მეორედ უკე ადვილად გადიხარ", - აღნიშნა მერაბიშვილმა
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მოქმედი ხელისუფლების დასუსტების გეგმა უკვე აქვს. "სამწუხაროდ, ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური ხელისუფლება, თუნდაც გაჩეჩილაძეზე იყოს საუბარი, მე გაჩეჩილაძეზე კარგი აზრის არა ვარ, მაგრამ შეიძლებოდა თქმა, 4 წელი დაველოდოთ. მაგრამ ამ მთავრობას ჩვენ 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს, რომ მივვარდებით ხვალ და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და ჩამოვაგდებთ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ის გეგმები, რაც აქვთ, როგორც გამოჩნდა, როგორც მინიმუმ საქართველოს დასუსტება, არ უნდა დავუშვათ. ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მაინც და მაინც, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - რეალური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, ადამიანების გადაბირება. 2003 წელს რევოლუციამდე რაღაც ფორმით ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ვაკონტროლებდით მერიას. ასე რომ, რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება უნდა დავიწყოთ. მაგალითად, ახლა მიტინგებს აწყობს მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც მიტინგებს ატარებს, ისედაც სუსტია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შეტევაზე ვერ გადავედით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება და დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომელიც გვექნება. დღეს ვართ დაკავებული რესურსების შენარჩუნებით, ადამიანების გამხნევებით. ზამთარია და ქუჩის აქციები ჯერ ადრეა. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, როგორც ვირტუალური, ასევე პრაქტიკული, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას", - განაცხადა მერაბიშვილმა.
ვიდეომასალა დღევანდელი შეხვედრის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.