ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პრემია ნოემბრის თვეში ახალი მთავრობის ექვსმა მინისტრმა აიღო. სტატიას 2012 წელს ცენტრალურ ხელისუფლებაში გაცემული პრემიების შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს.
სტატიის მიხედვით, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პრემია 3 540 ლარი, აიღო როგორც ნოემბერში, ასევე დეკემბერშიც. ნოემბრის თვეში პრემიები აიღეს ევროპულ და და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა - 2832 ლარი, დასაქმების მინისტრმა კახაბერ საკანდელიძემ - 708 ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა – 3000 ლარი, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 3540 ლარი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ 2440 ლარი.
რაც შეეხება წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებს, სტატიის მიხედვით, ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ოქტომბერში პრემიის სახით 8 500 ლარი აიღო. ნიკა გილაური კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ყოველთვიურად იღებდა პრემიას – ჯამში ამ პერიოდში მან პრემიის სახით აიღო 114 750 ლარი, აქედან იანვრის თვეში ერთ ჯერზე 14 875 ლარი, ხოლო მაისში – 17 000 ლარი. სულ 2012 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით მთავრობის აპარატში პრემიებზე 2 021 660.3 ლარი დაიხარჯა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თანამდებობაზე ყოფნისას თებერვლის გარდა იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ყველა თვეში აიღო პრემია – ყოველთვიურად 3 540 ლარი, ხოლო აპრილში 7 080 ლარი.
სტატიის მიხედვით, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ იანვარში პრემიის სახით აიღო 3 940 ლარი, ხოლო მარტში – 3 540 ლარი აიღო.
"საინტერესოა, რომ მინისტრის პრემია მარტის თვეში ზურაბ ჭიაბერაშვილმაც აიღო – 3 540 ლარი, და პრემიებს ყოველ მომდევნო თვეშიც იღებდა. მინიმალური ოდენობა 3 540 ლარს შეადგენს, მან მაისში, ივნისსა და სექტემბერში ორჯერ მეტი – 7 080 ლარი აიღო, ხოლო აგვისტოში სამჯერ მეტი – 10 620 ლარი. სულ 2012 წლის 7 თვის მანძილზე (მარტიდან სექტემბრის ჩათვლით) ჭიაბერაშვილმა პრემიის სახით აიღო 38 940 ლარი"-ნათქვამია სტატიაში.
კულტურის სამინისტროში 2012 წლის 11 თვის მანძილზე 680 378 ლარის ოდენობის პრემიები გაიცა. მინისტრის თანამდებობაზე ნიკა რურუამ პრემიის სახით 2012 წლის მანძილზე 52 470 ლარი აიღო.
სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ 2012 წლის მანძილზე პრემიის სახით 40 965 ლარი აიღო.
რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, სტატიაში ნათქვამია, რომ დანარჩენმა უწყებებმა ინფორმაცია არასრულყოფილად მიაწოდეს, ან საერთოდ არ გასცეს ინფორმაცია. მიწოდებული ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტროში 2012 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პრემიებზე სულ დაიხარჯა 1 292 014,1 ლარი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიების სახით 351 307 ლარი გასცა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შემთხვევაში ირკვევა, რომ სულ პრემიებზე დაიხარჯა 159 519 ლარი. ეკონომიკის სამინისტროში კი პრემიებზე 2012 წლის 11 თვის მანძილზე დაიხარჯა 1 228 549 ლარი. ენერგეტიკისა სამინისტროში თანამშრომლებზე დარიცხული პრემია 941 480 ლარს შეადგენს, ხოლო ამავე უწყების თანამდებობის პირებმა პრემიის სახით სულ 567 410 ლარი აიღეს. განათლების სამინისტროში 2012 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გაცემულ პრემიებზე სულ დაიხარჯა 1 057 725 ლარი.
ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებაში გაცემული პრემიების შესახებ საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე გამოქვეყნდა.