პარლამენტის მიერ დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში არ იყო მუხლი, რომელიც ამ კონკრეტული მუხლით ბრალდებულებისთვის, ამნისტირებას, ან სასჯელის განახევრებას ითვალისწინებდა.
„ამ მუხლზე, მითითება საერთოდ არ ყოფილა. ეს მუხლი, ამნისტიის კანონში იმ მუხლების ჩამონათვალშია, რომელიც აკრძალვებში მოხვდა. ეს ადამიანები, ალბათ, იმიტომ გათავისუფლდნენ, რომ სასჯელის ვადა ამოეწურათ. სამუდამო პატიმრობა არცერთ მათგანს არ ჰქონია მისჯილი. ვიმეორებ, რომ ის მუხლი, რომელიც კანონიერი ქურდობისთვის დასჯას ითვალისწინებს, ამნისტიის კანონში არ არის“, - აცხადებს ბესელია.