სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანდაცვის მეთერთემეტე ეროვნული პროგრამის მმართველი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მთავარ მიზანს პროგრამის 2013 წლის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია წარმოადგენდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ცხოველთა ჯანდაცვის კუთხით გასულ წელს ჩატარებული სამუშაოები წარადგინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა 2012 წელს ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიების, ბრუცელოზის ეროვნული პროგრამისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახების ისაუბრეს და 2013 წელს დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
„ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარებისთვის სხვადასხვა მოკლე და გრძელვადიან პროგრამებზე მუშაობს. ინტენსიური დამუშავების პროცესშია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია. ამ დოკუმენტში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს; ეს საკითხი სამინისტროს პრიორიტეტებს შორის განისაზღვრა“, - განაცხადა დავით შერვაშიძემ და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუხადა.
შეხვედრაზე ანაგარიშები წარმოადგინეს იმ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტი (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA), ევროკავშირი (EU) და გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)) წარმომადგენლებმაც, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ.
შეხვედრაზე 2013 წელს ცხოველთა ჯანდაცვისა კუთხით გასატარებელი ღონისძიებების გეგმა შემუშავდა. მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შემდეგ შეხვედრას 2013 წლის 15 მაისს გამართავს.