ხელისუფლებამ ციხიდან ექსტრემისტი ჩახალიანი გამოუშვა და პარალელურად ყველა იმ პირის წინააღმდეგ იწყებს დევნას, ვინც ახალქალაქში სეპარატიზმის საფრთხე გაანეიტრალა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააძლიერა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში Facebook „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წერს.
„ყველა ღონისძიება, რაც სამცხე-ჯავახეთში უკანასკნელ წლებში ხორციელდებოდა, ჩემთან იყო შეთანხმებული და პირადად მე, მზად ვარ ამ ქმედებებზე პასუხი ვაგო. თუ ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა და პოლიციის დისკრედიტაცია, მოვუწოდებ, რიგით პოლიციელებზე ზეწოლას თავი დაანებოს. თუ საქართველოს ახალ მთავრობას სურს გაიგოს - რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ეს მხოლოდ ჩემი დაკითხვით არის შესაძლებელი. მე და ჩემი მეგობრები კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ამას ხელს ვერ შეუშლის“, - აცხადებს მერაბიშვილი.