რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს ქვეყნის დეცენტრალიზაციასთან საერთო არაფერი აქვს.
"გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პარლამენტის ქუთაისში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში გადატანას საერთო ქვეყნის დეცენტრალიზაციასთან არსებითად არაფერი აქვს და ამგვარ პროცესს დეკონცენტრაცია ეწოდება.
რაც შეეხება რეალურ დეცენტრალიზაციას, სამწუხაროდ, დღემდე ქვეყნის არც ერთმა ხელისუფალმა არ იზრუნა ამ მიმართულებით რეალური რეფორმის გახორციელებაზე. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლებამ 2005 წელს მიიღო "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონი, რომლითაც სოფლების, დაბებისა და ქალაქების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააუქმა და მისი კონცენტრაცია რაიონის დონეზე მოახდინა. ექსხელისუფლების მიერ გახორციელებულმა "რეფორმამ" უფრო მეტად დააშორა ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ თვითმმართველობის ორგანოებს, რითაც, პრაქტიკულად, მთლიანად უარი თქვა ქვეყანაში თვითმმართველობის გაძლიერებასა და ქვეყნის რეალურ დეცენტრალიზაციაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში სამინისტრო მიიჩნევს, რომ საკითხზე აპელირება ბარამიძისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლების მხრიდან, როგორც მინიმუმ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.
"ჩვენს ხელისუფლებას აქვს მკაფიო ნება და ამბიცია, რომ ქვეყანაში მართლაც მოხდეს რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება და დეცენტრალიზაციის პროცესის სწორად წარმართვა. "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის" საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად, მთავრობა გეგმავს თვითმმართველობის რეალური რეფორმის გახორციელებას, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელსაც დაევალა რეფორმის მომზადება, უკვე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფები, რომელიც, პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. გარდა ამისა, ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა მხარდაჭერითაც გახორციელდება აღნიშნული რეფორმა. 2013 წლის სამოქმედო გეგმაში დეტალურად გვაქვს გაწერილი რეფორმისთვის საჭირო თითოეული ნაბიჯი, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მკაფიო დეცენტრალიზაცია და ეფექტური თვითმმართველობის სისტემა მივიღოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.
"ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლება უარს არ იტყვის საქართველოს რეგიონულ მოწყობაზე, რომელიც დეცენტრალიზაციის პრინციპს ეფუძნებოდა," – აცხადებს ბარამიძე.