ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება, - ამის შესახებ დავით კირკიტაძემ დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში
საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც ესწრებოდნენ, გუბერნატორის მოადგილე, მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი და რუსთავის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, მალხაზ ვეფხვაძე.
როგორც კირკიტაძემ განმარტა, 2013 წელს რუსთავის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 50 პროცენტით შემცირდა; რუსთავის ბიუჯეტმა 2013 წელს 25 მლნ ლარი შეადგინა, რაც 50-პროცენტიანი კლებაა. გუბერნატორის განცხადებით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილია საბიუჯეტო კრიზისი, ან ადგილი აქვს ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსთავის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას.
გუბერნატორის თქმით, ის აქამდე აკვირდებოდა ახალ ხელისუფლებას. მან არა ერთი წერილი და თხოვნა გაუგზავნა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ფინანსთა მინისტრს, რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტის 50 პროცენტით შემცირების გამო. მისი თქმით, ბიუჯეტის შემცირებამ ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერება გამოიწვია, კერძოდ ლიფტების, შიდა გზების, სახურავების რეაბილიტაციის პროექტები; ასევე კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტი, სპორტის სასახლის, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღების მშენებლობების პროცესის შეჩერება.
დავით კირკიტაძემ დღეს პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს მოუწოდა, რომ დაინტერესდნენ რუსთავით. ისინი ელოდებიან პრემიერისგან და ფინანსთა მინისტრისგან კონკრეტულ პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, თუ აღნიშნული პროექტები რუსთავში კვლავაც არ გაგრძელდება ან არ მიიღებენ კონკრეტულ პასუხს და ქალაქის ბიუჯეტს არ დაემატება თანხები, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება, კერძოდ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნული მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად გამართავენ.