თბილისის მერიამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა აღნიშნულმა უწყებამ გაატაროს მასზე კანონოთ დაკისრებული მოვალეობა და განახორციელოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელ გზაზე მოძრაობის აღდგენა.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„როგორც ცნობილია მოსახლეობის მიერ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელი გზა უკვე სამი დღეა გადაკეტილია. აღნიშნული პოლიგონი ერთადერთია ქალაქში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება ნარჩენების განთავსება. გზის გადაკეტვით, სპეციალური ტექნიკის პოლიგონის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის ქალაქის დასუფთავებასა და სხვადასხვა უბნებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. ყოველივე ეს აზარალებს თბილისის მოსახლეობას და ქალაქში სანიტარულ მდგომარეობას ამძიმებს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.