ამ წუთებში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
აღნიშნულ შეხვედრას დაახლოებით ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტსა და „ამნისტიის შესახებ“ კანონზე მსჯელობენ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, სასამართლოებთან დაკავშირებულ პროექტში მასში ბევრი პოზიტიური ცვლილებაა.
შეგახსენებთ, რომ პარლამნტში ინიცირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე. ამასთან, ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამას გარდა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. ასევე პროექტით ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. ამასთან, ცვლილებებით, უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწდომობა.