„გუშინ საპატიმროდან გაათავისუფლეს რამდენიმე „კანონიერი ქურდი“–ელგუჯა დიღმელაშვილი, გიორგი კარანაძე, რევაზ ესკურია („ვეფხო“), პატიაშვილი, ძოწენიძე, დარახველიძე, კიდევ 20 გამოდის უახლოეს დღეებში. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათ გათავისუფლებაზე საქართველოს მთავრობის წევრების რეაქცია. თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როცა ჩვენი ყველაზე დიდი მახასიათებელი იყო უპასუხისმგებლობა”, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე პატიმართა გათავისუფლებას, რომელთა შორისაც, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან.
როგორც სააკაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში, ქუთაისის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, შექმნილი ვითარება საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევს.
„თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როცა ჩვენი ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანი იყო უპასუხისმგებლობა _ „მე რა შუაში ვარ“ დამოკიდებულება. ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – „კანონიერი ქურდები“ არღვევს ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას, ეს ხალხი ისევ ჩვენს ეზოებში შემოვა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა სხვებს დაავიწყდათ, მაგრამ მას 90-იანი წლების განადგურებული თბილისის, ქუთაისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სურათი კარგად ახსოვს.
„ამის ფონზე მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის „პაწაწინა გრეჩიხუნას“ პასუხი არ უნდა ვაგებინოთ, დიდი ამბავი თუ კამერის წინ ყელი გამოჭრა ვიღაცასო. რა თქმა უნდა, პაწაწინა გრეჩიხუნას არა, პასუხი უნდა ვაგებინოთ გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელმაც 6 კვირაში აღადგინა კახეთი სტიქიის შემდეგ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.