მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსმა“ გეგმასთან დაკავშირებით მათ შესთავაზა, რომ ერთთვიანი მონიტორინგი ჩატარდეს თებერვლის განმავლობაში და ამის შემდეგ დადგინდეს დღიური გადასახადის ოდენობა.
რაც შეეხება ინდმეწარმის გადასახადს, მათ უთხრეს, რომ თბილისის მერიას უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ინდმეწარმის გადასახადი 10 ლარი ექნებათ. გარდა ამისა, „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძღოლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილით შეარჩიონ პროფილაქტიკა მანქანის შეკეთებისთვისაც.ასევე, მიიღეს დაპირება, რომ გაფიცვის შეწყვეტის შემთხვევაში ისინი ერთი კკვირის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
მერიასთან შეკრებილი მძღოლების განცხადებით, მათ „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება, მონიტორინგის ჩატარებასთან დაკავშირებით, არ აკმაყოფილებთ. მათი თქმით, ჯერ უნდა მოხდეს გეგმის შემცირება და ამის შემდეგ დაიწყოს მონიტორინგი და დადგინდეს ზუსტი ფასი.
დანარჩენ მოთხოვნებზე კი მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლების დაპირებები მისაღებია.
ამ დრომდე გაფიცული მძღოლები თბილისის მერიასთან რჩებიან. ისინი თბილისის მერიასთან პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს ელოდებიან. ასევე, მოითხოვენ, რომ მათ შეხვდნენ დეპუტატები თინა ხიდაშელი და ზურაბ აბაშიძე.
ხვალ დილიდან კი მძღოლები ისევ გლდანის ავტოპარკთან შეიკრიბებიან. 14.30 საათზე კი, „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური შემოწმების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.