სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეუჩერა.
აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა და გუნავასთვის უფლებამოსილების შეჩერება იმ მოტივით მოითხოვა, რომ მან მოწმეებზე ზეწოლა არ მოახდინოს.
"დღეს პროკურატურამ ერთხელ კიდევ დააყენა შუამდგომლობა ჩემი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მაგრამ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მართლა არ ყოფილა ერთი შემთხვევა, რომ მე მოწმეებზე ზეწოლა განმეხორციელებინა და ეს უბრალოდ აბსურდი იყო. რატომ მოითხოვა ეს პროკურატურამ მეორედ ვერ ვხდები. ეს პოლიტიკური პროცესია და ამით უნდათ, რომ გარკვეულწილად შემაშინონ, მაგრამ ეგრე არ გამოვა. ის, რომ აცხადებენ, თითქოს მე მოწმეების წინააღმდეგ ზეწოლას წარსულში განვახროციელებდი, ან ხვალ და ზეგ შეიძლება, გავაკეთო, ასეთი შემთხვევის ერთი კონკრეტული ერთი მაგალითი მოიყვანონ და კი ბატონო", - განაცხადა გუნავამ.
თავის მხრივ, გუნავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აღნიშნულ შუამდგომლობას სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 22 თებერვალს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში (საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა (სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი) და სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ", "დ" ქვეპუნქტები) ედება.