ვაჰაგნ ჩახალიანის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა, შესაბამისად, გათავისუფლებული პატიმრის ციხეში დატოვება - უკანონო პატიმრობად ჩაითვლებოდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მინისტრის თქმით, თუ რომელიმე ადამიანი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს, ეს საუბრის სხვა თემაა.
„თუ ჩახალიანი თავისუფლებაზე გამოვიდა, სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლება დაიბრუნა და მოიფიქრებს, რომ დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს სხვა ტიპის დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ ის ამ ჭკუაზე არ არის, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, ჩახალიანს ამნისტია შეეხო და გამორიცხულია ამნისტირებული პატიმრის ციხეში დატოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უკანონო პატიმარი ხდება. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელსაც უკანონო პატიმრები ჰყავს იმ პრეზიდენტისგან გასხვავებით, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აღშფოთებული იყო“, - დასძინა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჩახალიანის გათავისუფლების გამო, პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილმა გუშინ, პრემიერ-მინისტრი და ახალი მთავრობა გააკრიტიკა.
მისი თქმით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს შიდა მტერი - ვაჰაგნ ჩახალიანი გაათავისუფლა, რომელსაც ქვეყანაში არეულობა, შეიარაღებული შეტაკებები და სამოქალაქო ომი სურს.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ვაჰაგნ ჩახალიანი პატიმრობიდან სომხეთის კათალიკოსის გარეგინ მეორის თხოვნით გაათავისუფლეს.
სააკაშვილის შეფასებით, ჩახალიანი ვლადისლავ არძიმბას მსგავსი კრიმინალია და მისი ციხიდან 6 წლით ადრე გამოშვება ყოვლად დაუშვებელი იყო.
„პრემიერ-მინისტრი პირადად იყო ინფორმირებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და უშიშროების საბჭოსგან - თუ ვინ არის ჩახალიანი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის. მის გათავისუფლებაზე და შედეგებზე პასუხისმგებლობა პირადად პრემიერ-მინისტრს ეკისრება. ნუ ეცდება პრემიერი, რომ პარლამენტსა და ძალოვან უწყებებს გადააბრალოს რაიმე. მომიტოვოს ყველამ, მაგრამ ეს ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ჯავახეთში თანამემამულეებს მიმართავს და მოუწოდებს - არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
ჩახალიანი პატიმრობიდან ორი დღის წინ გათავისუფლდა.