საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ვიზიტი გერმანიაში დასრულდა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად,გერმანიის ტრანსპორტის, მშენებლობისა და ქალაქგანვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ბატონ იან მიუკეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სფეროებს. მინისტრმა სახელმწიფო მდივანს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამუშაო გეგმა გააცნო.
გერმანიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული სამუშაოების სტანდარტების დანერგვის, პრიორიტეტების შერჩევის მეთოდოლოგიის შემუშავების, ხარისხის მართვისა და თანამშრომელთა გადამზადების საკითხებში. მინისტრმა კოლეგა სახელმწიფო მდივანი საქართველოში მოიწვია, რომ ადგილზე გაეცნოს მუშაობის სპეციფიკას და მოხდეს შეჯერება კონკრეტულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მიღწეული იქნა შეთანხმება ორ სამინისტროს შორის თანამშრომლობის ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერაზე, სადაც გაწერილი იქნება თანამშრომლობის სფეროები და კონკრეტული საკითხები.
მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ასევე,შეხვედრა გამართეს გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის მიმართულების დირექტორთან, ქალბატონ ევა ვიტტთან. შეხვედრაზე განხილული იქნა გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ბოლო წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სფეროში გახორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროში. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 12 თებერვალს გაიმართება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაც მიიღებს მონაწილეობას და წარადგენს კონკრეტულ პრიორიტეტულ სფეროებს, სადაც მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერით მომდევნო წლებში პროექტების გახორციელება.