შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1961 წ. დაბადებული ზურაბ დ. დააკავეს.
სამართალდამცავებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის რ-ის სოფელ ვაქირში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე სათავსოებიდან „ტოზ-8“-ის ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანა, „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კუსტარული წესით დამზადებული მაუზერის კონსტრუქციის შაშხანა, სხვადასხვა სისტემის ვაზნები, „ფ-1“-ის და „რგდ“-ს ტიპის ხელყუმბარები ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველო აწარმოებს.