საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პასუხობს .
როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ვეტერანების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
მისი თქმით, აქ საუბარია სრულ სოციალურ პაკეტზე და არა მხოლოდ პენსიებზე, არამედ დაზღვევებზეც.
"შესაბამისად, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის განკარგულების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი გაიმეორა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს, მას სულ მცირე დააგვიანდა 8 წელი, მთელი ამ ხნის განმავლობაში რეალურად ძველ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ვეტერანებისთვის; და მეორე, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, თუმცა იმავე დროს სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ გაიზარდოს პენსიები. დიახ, ნამდვილად, საქართველოს მთავრობა აპირებს პენსიების გაზრდას და აპირებს მთლიანად მთელი სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ავალიანმა.
პრეზიდენტი დღეს სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვიდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, რომელიც დაიღუპება, მიუხედავად იმისა, ოჯახის მარჩენალი იყო თუ არა ეს სამხედრო პირი, მიეცეს პენსია, სამხედრო პენსიის ოდენობით და არა მხოლოდ კომპენსაცია, რომელიც დღეს ერთჯერადი სახით ეძლევათ. პრეზიდენტის თქმით, ამის საშუალება დღეს სახელმწიფოს უკვე აქვს.
ამასთან, პრეზიდენტის ინიციატივით, უნდა გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი, ხოლო ვინაიდან 90-იან წლებში იმდენად დაბალი იყო ეს კომპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიაზე გადავიდა, მათ შეეძლოთ, გადმოსვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კომპენსაციაზე.
გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ სამხედრო მოსამსახურე გავიდა პენსიაზე, მაგრამ უნდა სახელმწიფო სამსახურში სამსახური, შეუნარჩუნდეს სამხედრო პენსია და ეს ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს.
"ამ კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებას ჩვენ წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.