საქართველოს დელეგაციის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა თემა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები იყო.
გაფართოებული ფორმატით შეხვედრას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგა ტიგრან სარქისიანთან, რომელიც სომხეთის მთავრობის შენობაში შედგა.
პრემიერ-მინისტრი სომხეთს ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ეწვია. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, კულტურის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და რეინტეგრაციის მინისტრი.