ყაზახეთმა დაადასტურა, რომ წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გაზრდილ მოცულობას გაგზავნის

ყაზახეთმა დაადასტურა, რომ წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გაზრდილ მოცულობას გაგზავნის

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 1.7 მლნ ტონა ნავთობექსპორტის გეგმა დაადასტურა. ამის შესახებ რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

მისი თქმით, 6 თვეში ბთჯ-ის მილსადენით, დაახლოებით, 800 ათასი ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული.

სამუშაოები გრძელდება, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია. თუ 2024 წელს ამ მარშრუტით, დაახლოებით, 1.4 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტი განვახორციელეთ, წელს 1.7 მლნ ტონამდე გაზრდას ვგეგმავთ," - აცხადებს აკენჟენოვი.

მიმდინარე წლის იანვარში ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ბთჯ-ის მილსადენით ნავთობექსპორტის დაგეგმილ მოცულობას 1.5 მლნ ტონად აფასებდა. თუმცა თებერვალში ყაზმუნაიგაზის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე კურმანგაზი ისკაზიევმა ამ მაჩვენებლის 1.7 მლნ ტონამდე გაზრდა გამოაცხადა.

მარტში ყაზმუნაიგაზმა" და სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს მეორე შეთანხმებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნავთობტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მიწოდების მოცულობა წელიწადში 2.2 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს.

29 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის დროსაც პრეზიდენტებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ბთჯ-ის, როგორც რუსული მარშრუტის ალტერნატიული მილსადენით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის გაზრდაც განიხილეს. კერძოდ, ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერია, რომ დელეგაციებმა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხი, მათ შორის, ბთჯ-ის ნავთობსადენით ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.

ცნობისთვის, 2022 წელს ყაზმუნაიგაზსა" და SOCAR-ს შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ზოგადი შეთანხმება გაფორმდა, ხოლო 2023 წლის მარტში ყაშაგანის საბადოდან აზერბაიჯანის გავლით 7 ათასი ტონა ნავთობის სატესტო გადაზიდვა შესრულდა. იმავე წელს აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით და ბთჯ-ის მილსადენით შემდგომი ექსპორტისთვის, დაახლოებით, 1.1 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი გაიგზავნა, ხოლო 2024 წელს ეს მოცულობა 1.4 მლნ ტონამდე გაიზარდა.